Saturday, October 26, 2013

ქუთაისის ჭიშკრის გამღებნი

ნიკო მარი– განსაკუთრებული მოვლენაა, არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო მეცნიერების ისტორიაში (აკ. შანიძე). გამოჩენილმა მეცნიერმა, ფილოლოგმა, არქეოლოგმა, ლინგვისტმა, მხარეთმცოდნემ, ისტორიკოსმა, პოლიგლოტმა, ძველი ტექსტების დამდგენმა და გამომცემელმა, მთარგმნელმა, ფილოსოფოსმა, რელიგიის ისტორიკოსმა, ნიკო მარმა თავისი ბრწყინვალე ნიჭი და დაუშრეტელი ენერგია ქართველი ხალხის მდიდარი, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას მოახმარა.

მან გააგრძელა, გააფართოვა და გააღრმავა ის სამეცნიერო მუშაობა, რასაც საფუძველი ჩაუყარეს პეტერბურგში თეიმურაზ ბაგრატიონმა, მარი ბროსემ, დავით ჩუბინაშვილმა და ალექსანდრე ცაგარელმა. მან პირველმა მოჰკიდა ხელი ქართული ლიტერატურის ისტორიის მეცნიერულად დამუშავების საქმეს.

სოსო ხარაბაძის– პერსონის თაობაზე ლეგენდები მთელ საქართველოში დადიოდა.საკუთარ თავს ის ქალაქის ყველა სტუმრის მასპინძლად თვლიდა. პოეტი ოთარ მამფორია კი მას "ქუთაისის ჭიშკრის გამღებს" ეძახდა. სოსო ხარაბაძესთან დაკავშირებული რამდენიმე ამბავი ჩვენთან საუბარში მისმა მეუღლემ ლალი ხარაბაძემ გაიხსენა: - "ერთ დღეს ქუჩაში დედა-შვილს ჩაუვლია. შვილმა დედას ნაყინის ყიდვა თხოვა. დედა კი გაუწყრა: ფული არ მაქვსო. როდესაც სოსომ მათ საუბარს მოჰკრა ყური, მენაყინეს მთელი ნაყინისა და ურიკის ფული გადაუხადა. ბიჭს დაუძახა: "მოდი, ურიკა გააგორე, ეს ნაყინი მთლიანად შენიაო"...

 - "როდესაც ჩვენი შვილი სოხუმში მისაღებ გამოცდებს აბარებდა, ჩვენ მას გარეთ ვუცდიდით. დიტო დანაღვლიანებული გამოვიდა და გვითხრა: გამოცდა დავტოვე, ერთმა აბიტურიენტმა, რომელიც ჩემს წინ გავიდა, ბრწყინვალედ უპასუხა საკითხს, მაგრამ ცუდი შეფასება მიიღოო. ჩემი მოწყობა და მისი დატოვება უსამართლობა იქნებაო. მამამ კი უპასუხა: კარგია, სირცხვილის გრძნობა გქონიაო"...
ამ ამბის შემდეგ, გულის გადასაყოლებლად, ბატონ სოსოს მეუღლე სოჭში წაუყვანია: როცა პარფიუმერიის მაღაზიაში შევიდნენ, დაინახეს, როგორ არჩევდა ახლადდაქორწინებული წყვილი სუნამოს, მაგრამ საამისოდ ფული არ ეყოთ. მაშინ ბატონმა სოსომ გამყიდველს საუკეთესო ფრანგული სუნამოების შეფუთვა თხოვა ამ წყვილისათვის. რამდენიმე დღის შემდეგ ბატონი სოსო თანამშრომლის შვილის ქორწილში თამადად დაპატიჟეს. მის დანახვაზე დედოფალს ხმამაღლა წამოუძახებია: ეს ის კაცია, სუნამოებით რომ დაგვასაჩუქრაო.
მამის მსგავსად, საოცარი იუმორითა და ენაკვიმატობით გამოირჩეოდა დიტო ხარაბაძეც. "სოხუმის იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი იყო. ერთ-ერთი აფხაზი ლექტორის საგანში სემინარი უნდა ჩაებარებინათ. როცა ლექტორმა ყველაზე საუკეთესო სტუდენტი, გვარად სამუშია გაიძახა, გოგონამ უპასუხა, წუხელ მამამ იატაკი ლაქით გადაღება და საშინაო დავალების რვეული იქ დამრჩაო. ამის შემდეგ დიტო გაიძახა, მას კი უთქვამს: მე სამუშიას მდგმური ვარო. ყველა ძალიან გაამხიარულა მისმა იუმორმა," - იხსენებს ქალბატონი ლალი.
ძირძველ ქუთაისელებს დღემდე კარგად ახსოვთ ჭაბუკ ჭეიშვილი. სახალისო ცხოვრებისეული ეპიზოდები საკუთარ სიცოცხლეშივე გადაიტანა ფურცლებზე ჭაბუკ ჭეიშვილმა: - სკოლის დამთავრების შემდეგ ბატონ ჭაბუკს სამთო ტექნიკუმში ჩაბარება გადაუწყვეტია. როცა საბუთები მიუტანია, საქმეთა მმართველს უთქვამს - ავტობიოგრაფია აკლიაო. "მაინცადამაინც დიდი ბიოგრაფია არ მქონდა და გადავწყვიტე იქვე დამეწერა. დერეფანში ზუსტად ჩემს დღეში მყოფი ბიჭი დავინახე, რომელსაც ფანჯრის რაფაზე ფურცელი დაედო და მთელი გულმოდგინებით წერდა. შიგ ჩავიხედე და დიდი ასოებით ეწერა - ავტობიოგრაფია. მაინც შევეკითხე, რას წერ მეთქი. ვერ ხედავ? - ავტობიოგრაფიასო - მიპასუხა. ავტობიოგრაფია უნდა დაწერო როცა ავტოტექნიკუმში აბარებ, აქ კი სამთო ტექნიკუმია და ამიტომაც სამთობიოგრაფია უნდა დაწერო-მეთქი. ერთი გამომხედა ეჭვიანად, მაგრამ მაინც სამთობიოგრაფია დაწერა". ასე გაიცნო თავისი მეგობარი - ჟორჟიკა.
- "1960-ანი წლების დასაწყისში ჟორჟიკას ახალაშენებულ სახლში ბინა მისცეს. მივედი, დავათვალიერე, მივულოცე და ვეკითხები. ტუალეტი სად არის? აგერ არის, მაგრამ რად გინდა ნიუტაზი არ დგასო, მითხრა. უნიტაზი? - გავიკვირვე. ხო, ხო, ჩამაწერინე არ დამავიწყდესო, მეზობელთან ვიკითხავ, იქნებ არც იმასთან არის დამონტაჟებულიო. გარეთ გამოვედით, მეზობელთან დააკაკუნა, ახალგაზრდა გოგონამ გამოხედა. ჟორას შერცხვა, მაგრამ მაინც ჰკითხა: უკაცრავად, თქვენთან ნიუტაზი თუ დგასო? გოგონამ უპასუხა, დგას, მაგრამ არ ანათებსო"...
დათო ქელბაქიანი (პაპუჩი) წარმატებული სპორტსმენი იყო, ქუთაისის კალათბურთის გუნდში თამაშობდა. 4 აპრილს 73 წელი შეუსრულდებოდა. მას უაღრესად კეთილ, ბრძენ, ერთგულ ადამიანად იხსენიებენ მეგობრები. მათივე თქმით, ის საუკეთესო მეუღლე, მამა და მეგობარი იყო. დიდი სამეგობრო წრე ჰყავდა. ყველა პატივს სცემდა და აფასებდა მის სიტყვას. მეგობრების თქმით, ბატონი დათო კეთილშობილებით გამოირჩეოდა, ცდილობდა ყველასთვის ესიამოვნებინა, ყველას გული გაეხარებინა. ერთხელ ბატონი დათო რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. სუფრაზე რუსეთიდან ახლადდაბრუნებული ადამიანი გაიცნო. სუფრის წევრები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ მის მიმართ, დაუმეგობრდნენ კიდეც. როდესაც დათო ქელბაქიანი რესტორნიდან შინ პალტოს გარეშე დაბრუნდა, მეუღლემ ჰკითხა: პალტო სად არისო? როგორც გაირკვა, პალტო იმ ახლადშეძენილი მეგობრისთვის უსახსოვრებია. ეს პალტო სულ ახალი შეძენილი ჰქონდა.
დათო ქელბაქიანი საოცარი იუმორის გრძნობის მქონე ადამიანი იყო. ერთხელ ქუთაისში სტუმრად ჟურნალ "ნიანგის" რედაქტორი ზაურ ბოლქვაძე იყო ჩამოსული. ბატონი დათო და მისი მეგობრები ზაურ ბოლქვაძესთან ერთად რესტორან "ქუთაისში" შეიკრიბნენ. როცა მიმტანმა შეკითხვა დასვა, თუ რის მირთმევას ინებებდნენ სტუმრები, "პაპუჩიმ" წამოიძახა - "სტენდალი" მოგვიტანეთო. სუფრის წევრები გაკვირვებულები დარჩნენ: ვერ მიხვდნენ, თუ რა შეუკვეთა "პაპუჩიმ". რამოდენიმე წუთის შემდეგ დარბაზში წითელი და შავი ხიზილალა შემოიტანეს. მაშინ კი მიხვდა ყველა, თუ რა იგულისხმა დათომ "სტენდალში".
მწერალი ნესტან კვეიძე იგონებდა: სასტუმრო "ქუთაისის" წინ ქალაქის კოლორიტები იდგნენ, მათ შორის - დათო ქელბაქიანი. ყველა მოკრძალებით მიესალმა ქალბატონ ნესტანს. ბატონი დათო ნესტანისკენ წაიწია და ხელი გაუწოდა: "ნესტან, გოგო, რატომ არ მესალმები, რატომ არ მკოცნი?" - ჰკითხა. ამ დროს ხელში რაღაც ჩაუცურა. ქალბატონმა ნესტანმა დახედა და 100 მანეთიანი დაინახა, ძალიან შეწუხდა, მოერიდა. "რა ვქნა, გოგო, ვერ დავახურდავეო," - უპასუხა დათო ქელბაქიანმა.
"დიომიდოვიჩი" - ამ მეტსახელით მიმართავდნენ გოჩა ხუჯაძეს მეგობრები. ბატონი გოჩა პროფესიით მათემატიკოსი იყო მისი მეტსახელი რომელიღაც ქუთაისური ანეგდოტიდან მომდინარეობდა. ბატონი გოჩა თავის მეგობრებსაც ამ მეტსახელით მიმართავდა ხოლმე. "ამ სახელს ერთი ცნობილი ფაქტი უკავშირდება. ერთხელ ჩემმა მეგობრებმა შემდგომში ჩვენი მეგობარი ვალერა მარგიანი გაიცნეს. ერთმანეთს ყველანი რომ "დიომიდოვიჩის" სახელით მიმართავდნენ, ვალერას გაუკვირდა: თავდაპირველად ისინი დედ-მამიშვილები ეგონა. შემდეგ ყველას მამის სახელი ჰკითხა. დათო მესხიშვილი "ლუდოვიკოვიჩი" აღმოჩნდა, ავთო ოსეფაიშვილი - "იასევიჩი", გოჩა ხუჯაძე - "მეთოდიჩი". ვალერას უფიქრია, ესენი ნამდვილად მაშაყირებენო," - იხსენებენ გოჩა ხუჯაძის მეგობრები.
 მათი თქმით, გოჩას ჰქონდა უნიკალური ნიჭი - დღესასწაულად ექცია გარშემომყოფებისათვის ნებისმიერი დღე. ძალიან უყვარდა სუფრასთან მოლხენა, ცეკვა, სიმღერა. საყვარელი სადღეგრძელოც ჰქონია: "რაც კი გამიკეთებია და არ მინანია, რაც არ გამიკეთებია და მინანიაო~. `მრავალრიცხოვანი სამეგობრო ჰყავდა და თითქმის ყველა მეგობრის შვილის ნათლია იყო," - იხსენებენ გოჩას მეგობრები.
"თამდაბალი, კეთილი, ლმობიერი, გულჩვილი" - ასე ახასიათებენ ქუთაისელ ძიუდოისტს აკაკი კიბორძალიძე მეგობრები და ახლობლები. აკაკი კიბორძალიძე მრავალი ტიტულის მფლობელი იყო. ძიუდოისტთა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის სამგზის პრიზიორი, თბილისის საერთაშორისო ტურნირების ექვსჯერ გამარჯვებული და მრავალი სხვა. პირველი წარმატება საზღვარგარეთ საფრანგეთში ჰქონდა. საერთაშორისო ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. მაშინ ცნობილი ფრანგული გაზეთი "ფიგარო" 17 წლის სპორტსმენს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა.
როცა ბატონი კაკო შინ გამარჯვებული ბრუნდებოდა, ოჯახში უამრავი ახლობელი და მეგობარი იკრიბებოდა, სახლში დიდი სუფრა იშლებოდა. გახარებულები მის გამარჯვებასა და წარმატებას აღნიშნავდნენ. "კაკო ყოველთვის მეუბნებოდა: როცა შერკინებაზე გავდივარ, თვალწინ სულ შენი სახე წარმომიდგება, ვფიქრობ, ჩემი გამარჯვებით შენ როგორ გაიხარებო. მეც, რა თქმა უნდა, მის გამარჯვებასა და დამარცხებას ერთნაირად განვიცდიდი," - იხსენებს აკაკი კიბორძალიძის დედა ლამარა კიბორძალიძე.
როგორც თავად ამბობს, ბატონი აკაკი ძალიან ყურადღებიანი იყო: არა მარტო საკუთარ დედას, არამედ მეგობრის დედებსაც ყოველ 8 მარტს დილით ვარდებს მიართმევდა ხოლმე. "მე არასოდეს მეგონა, თუკი ჩემი შვილი სიგარეტს ეწეოდა. როდესაც სამშობიაროში მას პირველი შვილის შეძენა ახარეს, ცოტა ხნის შემდეგ დავინახე, კაკო კუთხეში დადგა და სიგარეტს მოუკიდა. გავოგნდი, ამას ვერ წარმოვიდგენდი. მამამ უთხრა, შვილო, რაღა დროს შენი დამალვაა, გამოდი და თავისუფლად მოსწიე, ნუ გერიდებაო. ყოველთვის ვამაყობდი, რომ კაკო სპორტსმენი იყო და სიგარეტს არ ეკარებოდა. თურმე ჩუმ-ჩუმად, ჩემგან მალულად ეწეოდა," - იხსენებს ქალბატონი ლამარა. მეგობრების თქმით, ფიზიკური ძალის მიუხედავად, ბატონი კაკო გულჩვილი და ლმობიერი იყო. ყველას სატკივარი გულთან მიჰქონდა. შეიძლება, ფილმის ტრაგიკულ ფინალსაც კი მისთვის გული აეჩუყებინა.

                                                                       ***

ისტორიების გახსენება დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა ჩვენ ამ სტატიაში მხოლოდ რამდენიმე ამბავი შემოგთავაზეთ. ისე, უბრალოდ, რომ ყოველთვის გვახსოვდეს - ასე ცხოვრობდნენ ქუთაისში ადამიანები, რომლებიც ქუთაისის სახეს ქმნიდნენ.

No comments:

Post a Comment