Sunday, October 27, 2013

დღესასწაულები

ქუთაისობა

ორმაისობა ანუ ქუთაისობა დამკვიდრებული დღესასწაულია. იგივე ვერა გვანცელაძეჯიქია იხსენებს: "ქუთაისში ყოველ წელს ტარდებოდა მაისობის დღესასწაული. მაგონდება 1920 წლის მაისობა, რომელსაც ესწრებოდნენ მეორე ინტერნაციონალის ბელადები: მაკდონალდი, ვანდერველდე, ეივე. ყვავილებით შემკულ "დროგზე" იდგა ულამაზესი ქალიშვილი თამარ ბოლქვაძე, თმაგაშლილი, თეთრ, გრძელ ნაოჭიან კაბაში, – ხელში სამფეროვანი დროშა ეჭირა, უკან მიყვებოდნენ სტუმრები და ქალაქის საზოგადოებრიობა, მიემართებოდნენ ქალაქგარეთ, .. საღორიის ტყისკენ (მუხნარის ტყე), სადაც, ჩვეულებრივ, ტარდებოდა მაისობის დღესასწაული. აქ ეწყობოდა ზეიმი, ცეკვათამაში, სიმღერები, ორატორული გამოსვლები. მაისობის დღესასწაულს ქუთაისელი ხელოსნები ფერმის ბაღში აღნიშნავდნენ ცალკე". (ვერა გვანცელაძეჯიქია, მოგონებანი გარდასულ დღეთა, ქუთაისი 1995, გვ. 25) ეს დღესასწაული დღესაც მუხრანის ტყეში იმართება. აქ მიმდინარეობს შეჯიბრება სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებაში, სპორტულ სახეობებში, იმართება დოღი, მარულა. ზოგადად იმერეთის რაიონები წარმოადგენენ თავიანთი კუთხისათვის დამახასიათებელ ტრადიციებს, ხალხურ სიმღერებს, სუფრას. ისმის მხიარული, ძარღვიანი იმერული სადღეგრძელოები.
ყველა ერთმანეთს ულოცავს გაზაფხულს, მაისს, ქუთაისობას. ამ დღესასწაულზე უკვე წესად დამკვიდრდა ჩოხოსანთა კურთხევა. წელს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ულამაზესი ტრადიციის აღდგენის მოწმენი გავხდით. ხანდაზმულ ჩოხოსნებთან ერთად ახალბედებიც მობრძანდებიან ტაძარში. ჯერ მოძღვარი ასრულებს კურთხევის ცერემონიალს, შემდეგ კი თაზრის გარეთ იმართება ულამაზესი სანახაობა. ორმწკრივად ჩარიგებული ჩოხოსნები, იარაღის ურთიერთგადაჭდობითა და ჟღარუნით მწკრივში ახალბედას გაატარებენ, მწკრივის დასასრულს მულჩახრილ ახალბედას ხმლებს თავზე და მხრებზე დაადებენ, ფეხზე წამომდგარს უხუცესი დალოცავს და ჩოხოსანთა ამქარში გაერთიანებას მიულოცავს. წლევანდელ დღესასწაულზე ჩოხოსანთა რიგებს გოგონაც შეემატა. ცერემონიის დასასრულს არაფერი სჯობს ფიალებით ხელში ჩოხოსანთა მრავალჟამიერის ომახიანი სიმღერის მოსმენას.

1.2
გვირილობა

"გვირილობა" – "თეთრი გვირილის დღე" მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაული იყო, რომელიც ჭლექიანების დასახმარებლად ტარდებოდა გაზაფხულზე, აპრილ-მაისში და სამ დღეს გრძელდებოდა. უხუცესი ქუთაისელის, ვერა გვანცელაძე-ჯიქიას გადმოცემით, დღესასწაულის ორგანიზატორები ქალაქის რომელიმე წარჩინებულ მანდილოსანს გააყოლებდნენ ხოლმე ორ გიმნაზიელს, ვაჟსფულისათვის განკუთვნილი ყულაბით და გოგონასგვირილებით სავსე კალათითა და ქინძისთავებით ხელში. წინამძღოლის - მშვენიერი, დიდებული ქალბატონის პატივისცემით, გზად შემხვედრი არც ერთი ადამიანი უარს არ ამბობდა ყულაბაში დიდი თანხის ჩადებაზეც კი. გოგონა მას ქინძისთავით გულზე დაამაგრებდა გვირილას, რომელიც ქველმოქმედს სამი დღე უნდა ეტარებინა, ნიშნად იმისა, რომ მან ფული უკვე გადაიხადა. მოგროვილი თანხა დღის ბოლოს საქველმოქმედო საზოგადოებას ბარდებოდა, მესამე დღეს კი ქალაქის ბულვარში უკვე სხვა ქალბატონი და გიმნაზიელი ქალ-ვაჟი დადიოდნენ ჭლექიანთათვის თანხის შესაგროვებლად. გვირილების დედოფლებიდან შემორჩენილია ერთ-ერთის იშვიათი გარეგნობითა და გემოვნებით გამორჩეული საშა ჩიქოვანის სახელი. ეს ლეგენდარული სილამაზის ქალი მონაწილეობდა ქუთაისში დადგმულ .. "ცოცხალ სურათებში". (ენციკლოპედია "იმერეთი", შემდგენელი ნანული ცხვედიანი, ქუთაისი 2008 . გამომცემლობა "პოსტსკრიპტუმი"). XX საუკუნის 60-იან წლებში, ქუთაისში გვირილობის დღესასწაული ისევ აღსდგა, მაგრამ სულ სხვა შინაარსით. მაისის რომელიმე დღეს ზეიმი ქალაქის ტორპედოს სტადიონზე იმართებოდა, მასში მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც წარმოება-დაწესებულებები, ასევე მთელი განათლების სისტემა, დაწყებული საბავშვო ბაღებიდან დამთავრებული უმაღლესი სასწავლებლებით. თითოეული მათგანი ეჯიბრებოდა ერთმანეთს, ვინ უფრო გრანდიოზულად, ლამაზად წარმოაჩენდა თავს, იყო საპრიზო ადგილები, ირჩევდნენ დედოფალს. შემდეგ ეს დღესასწაული დავიწყებას მიეცა, მაგრამ წელს, 2 მაისს "ქუთაისობას" ისევ აღსდგა "გვირილობა", თავისი ქველმოქმედებრივი შინაარსით. ძველი და მივიწყებული ტრადიციის გახსენების ავტორი ჟურნალისტი, ქალბატონი მანანა ლაცურიანი გახლდათ. ეცადნენ ყველაფერი ძველებურად ყოფილიყო. ფაიტონით მოიყვანეს "ოქროს ჩარდახში" ქალბატონები, სადაც მათ ელოდათ გაშლილი სუფრა, გრამაფონი, ჩოხებში და ძველებურ ტანსაცმელში გამოწყობილი ბიჭები, გიმნაზიის ფორმით გოგონებიხელში გვირილებით სავსე კალათებით. ასი წლის შემდეგ გვირილებს უსასყიდლოდ არიგებდნენ. თუმც ნებაყოფლობით რაღაც თანხა მაინც აღმოჩნდა კალათებში, რომელიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადაეცათ. ამიერიდან "გვირილობა" ყოველ წელს გაიმართება ახლა უკვე ქველმოქმედების ამ შინაარსით. ქუთაისში "გვირილობა" დაბრუნდა.

1.3
ორწიფობა


"შემოდგომის ერთ მზიან დღეს ტყიბულიდან ქუთაისში მომავალი ორთქმავლის "ფერილას" შემზარავი კივილი გაისმა. სამი ვაგონი ჰქონდა მას მიბმული. ამ დროს მატარებელს არავინ ელოდა. ხალხი რკინიგზის მარჯვენა მხრიდან ღობეებს მიაწყდა. ისმოდა ქალების კივილის ხმა, კივილს წყევლა-კრულვა მოჰყვა. მატარებელს ფერდობიდან ქვებს ესროდნენ. მცირე ზომის სახალხო ვაგონების ფანჯრებიდან ჩანდა ახალგაზრდა ბიჭები, რომელთაც ხელში ადამიანების თავი და ძვლები ეკავათ და ხალხის გასაღიზიანებლად ატრიალებდნენ. თან იძახდნენ: "აი თქვენი დავით და კონსტანტინე, წმინდა მოწამენი, თუ რაიმე შეუძლიათ იმოქმედონ ჩვენზეო". დავით და კონსტანტინეს ხსენებაზე, ხალხი აყვირდა, მატარებელს ქვები დაუშინეს" იხსენებს 94 წლის ცნობილი ჟურნალისტი სერგო ჭარხალაშვილი (ქუთაისი XX საუკუნე, ქუთაისი 2004 ., გვ. 21). ამ შემზარავ ამბავს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. კეთილი ადამიანების ჩარევის შედეგად, დავით და კონსტანტინეს ძვლები გადარჩა მდინარე რიონში გადაყრას. უკანასკნელ წლებში დავით და კონსტანტინეს ნეშტი მოწამეთას დაუბრუნდა, ისინი განისვენებენ პირვანდელ სამყოფელს. რაც მთავარია აქ ყოველწლიურად ტარდება მოწამეთობა -ორწიფობა. ამ დღეს ორწიფობას იმიტომ უწოდებენ, რომ ძველი სტილით 2 ოქტომბერს აღნიშნავენ. მოწამეთაში საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან მობრძანდებიან მომლოცველები.

No comments:

Post a Comment