Saturday, October 26, 2013

ქუთაისის სილუეტები


/კოლაუ ნადირაძე/
ვიგონებ ქუთაისს, როგორც ჩემს წარსულს, დიდი ხნის უნეტარეს წარსულს. ჩემი ქუთაისი, რომელსაც მგონი, აღარც ვახსოვარ. ჩემს მეხსიერებაში კი ისევ ცოცხლობს იმ განუმეორებელი თავისებურებით, რომელიც მხოლოდ მას გააჩნდა და რომელიც ჩემთვის არასოდეს განმეორდება.

ბედმა ისურვა, ხანგრძლივად მეცხოვრა ამ ქვეყანაზე, ავცდენოდი ბევრ მომაკვდინებელ ხიფათს, გავმხდარიყავი იმის მოწმე, რასაც თანამეროევობა ვერ იხილავს, მეცხოვრა იმათ შორის, ვინც დიდების შარავანდედით ამკობს ჩვენს ერს.

ქუთაისი! თვითმპყრობელობის პერიოდში წმინდა და ქართული ქალაქი გახლდათ, სადაც მძლავრად გაისმოდა ერის მაჯისცემა, სადაც შეუბღალავად ირწეოდა მშობლიური აკვანი!
აქ დადიოდა უგვირგვინო მეფე-დიდი აკაკი, თითქოს ოლიმპოდან ჩამოსული ზევსიმორიდებით და ღიმილით ეგებებოდნენ მას ბავშვები.
დიდი მოკრძალებით და უდიდესი პატივისცემუით ჩერდებოდნენ, რომ მისთვის სალამი მიეცათ!
მე მახსოვს ქუთაისის ქუჩებში ერთად მოსეირნე აკაკი და ვაჟა-ფშაველა. რა ბედნიერებას მგვრის ეს მოგონება ახლა... და რა სავალალოა და მტკივნეული, რომ არასოდეს მიხილავს დიდი ილია.
ქუთაისის იმდროინდელ ლიტერატურულ ცხოვრებას ამშვენებდნენ ჩვენი უსაყვარსელი და სათაყვანო მწერლები: დავით კლდიაშვილი და ნიკო ლორთქიფანიძე, აგრეთვე ხშირად მინახავს ნიკო ნიკოლაძე, გიორგი შერვაშიძეც. ახლო ურთიერთობა მქონდა შალვა დადიანთან-მაშინ ჯერ კიდევ არასახელმოხვეჭილ მწერალთან(იგი თეატრში მუშაობდა, როგორც მსახიობი და ახლად დაწერილი ჰქონდა პიესაგუშინდელნი“).
მაშინდელ ქუთაისს ამშვენებდნენ ცნობილი იურისტები: მოსე ქიქოძე, ხელთუბნიშვილი, კალისტრატე ჩიკვაიძე...
წარუშლელ პიროვნებად დარჩა ჩემს მეხსიერებაში ქართული გიმნაზიის დირექტორი იოსებ ოცხელი და ამავე გიმნაზიის ინსპექტორი სილოვან ხუნდაძე-დიდი პატრიოტი, ქართული ენისთვის თავდადებული მებრძოლი.
იმდროინდელ ქუთაისის თეატრში ბრწყინავდნენ ლადო მესხიშვილი, ნუცა ჩხეიძე, არადელ-იშხნელი, ვალერიან გუნია, იმედაშვილი, ყალაბეგიშვილი.
ეს გახლდათ 1908-1915 წლებში ქართველ მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა პლეადა.
პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ კიდევ უფრო შეამჭიდროვა ქართველი მოწინავე ინტელიგენციისა და საზოგადო მოღვაწეთა რიგები.1905-1907 წლენის რეაქციის მოძვინვარებამ (მე კარგად მახსოვს ალიხანოვ-ავარიელის დამრბევი და გამანადგურებელი თარეში) კიდევ უფრო გააღრმავა და გაამწვავა პოლიტიკური ბრძოლა ცარიზმის წინააღმდეგ: მიტინგები, მოსწავლეთა და მოქალაქეთა დემონსტრაციები, მუშათა გაფიცვები, პროკლამაციები, ტერორისტული აქტები, იარაღით შეტაკებები კაზაკებთან და პოლიციელებთან...

ქუთაისი აღელვებულ ზღვად გადაიქცა!

ეს უკვე აღარ იყო მშვიდი და განცხრომით მთვლემარე ქუთაისი. რევოლუციურ მოძრაობას მთელი ხალხი უჭერდა მხარს, განსაკუთრებით კი მოსწავლე ახალგაზრდობა და სტუდენტობა!
1914 წლიდან ქუთაისში გაძიერდა აგრეთვე ლიტერატურული ცხოვრება, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ კიტა აბაშიძე, ივ. გომართელი, . მახარაძე.

იწყება შემოქმედებით მოღვაწეობა გალაკტიონ ტაბიძის, თომაშვილის, ცახელის, ია ეკალაძის და ჯაჯუ ჯირჯიკიასი. ამათთან პარალელურად გამოდიან ახალგაზრდა მწერლები:პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, ტიციან ტაბიძე, სანდრო ცირეკიძე, სერგო კლდიაშვილი. რაჟდენ გვეტაძე, დია ჩიანელი(ჩხეიძე) და კოლაუ ნადირაძე, რომლებიც ახალ პოეზიაში მიმართულებას აარსებენ, სცემენ ჟურნალცისფერ ყანწებს“, შემდეგ-ყოველწლიურ გაზეთსპოეზიის დღეს“, ჟურნალმეოცნებე ნიამორებსდამშვილდოსანს“. აწყობენ ლიტერატურულ საღამოებს და კითხულობენ ლექციებს. ძირითადად, ლექციების მიზანი იყო, ქართველი მკითხველი საზოგადოებისთვის ნათელი და უდავო გამხდარიყო ვაჟა-ფშაველას პოეზიის სიდიადე(მაშინ ეს ჭეშმარიტება საქართველოში რატომღაც დაეჭვებას იწვევდა).

ამ ლიტერატურულმა გამოსვლებმა დიდი აურზაური, კამათი და გამწვავება გამოიწვია როგორც ქუთაისში, ისე მთელ საქართველოში.

ყოველივე ამან განაპირობა ქუთაისის საერთო კულტურული ხვედრითი წონის ამაღლება ჩვენს ქვეყანაში.

ქუთაისში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ექიმებიც.

საყოველთაოდ ცნობილია სამსონ თოფურიას საავადმყოფო. სამსონ თოფურია გახლდათ თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე და უაღრესად კარგი ექიმი. იგი მამაჩემის უახლოესი მეგობარი იყო და ამის გამო ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო.

სამსონ თოფურიას ბრინჯაოს ბიუსტი, იაკობ ნიკოლაძის მიერ გაკეთებული, თუ არ ვცდები, ახლაც უნდა ამშვენებდეს მის საფლავს საფიჩხიის სასაფლაოზე.

გარდა ამისა, დაუვიწყარნი არიან ქუთაისის გამოჩენილი, ძალზე კარგი ექიმი-ფსიქიატრი ივანე სხირტლაძე.მე კარგად ვიცნობდი ამ ნათელ პიროვნებას. იგი ქუთაისის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორი გახლდათ. ეს საავადმყოფო ეგრეთ წოდებულიფერმისმახლობლად მაღლობზე, მისივე ხელმძღვანელობით იყო აშენებული.

ივანე სხირტლაძე გულისხმიერი, გონივრულად მოსაუბრე, განათლებული და ფრიად სასიამოვნო პიროვნება გახლდათ, რომელიც კარგად ერკვეოდა როგორც ხელოვნებაში, ისე პოეზიის საკითხებში.
სასიამოვნოა, რომ ქუთაისში ივ. სხირტლაძეს დიდი პატივისცემით გადაუხადეს 70 წლისთავის იუბილე, სადაც ამომწურავად იყო გაშუქებული მისი ნაყოფიერი მოღვაწეობა.

ზამთრის გვიანი ღამეა. ვიგონებ ქუთაისს,ჩემს დროინდელ ქუთაისს, მის წიაღში ჩასვენებულ დაუვიწყარ ადამიანებს, ჩემს მეგობრებს.მათ შორის ახლახან განსვენებულ ძვირფას ვასო ამაშუკელს...
ისე ელვარებს ჩემს წინ უტურფესი სათაფლია დინოზავრის ნაკვალევით, ისევ ვხედავ ბაგრატის ტაძრის დიად ნანგრევებს და ვიგონებ მის ერთგულ ჭირისუფალს პეტრე ჭაბუკიანს, ჩემს მეგობარს, ჩვენი ქვეყნის საყვარელ ადამიანს.

No comments:

Post a Comment